top of page
istockphoto-1197034372-612x612.jpg

როგორ შევქმნათ ეკლესიის მტრის ხატი?!

Historic Church

  საქართველოს ისტორიის გათვალისწინებით ქვეყანაში არსებული ძლიერი რელიგიური ნაციონალისტური დამოკიდებულებების არსებობა გასაკვირი სულაც არ არის, თუმცა ამავდროულად საგანგაშოა მისი მედია გარემოში გამოყენების აშკარა მონოპოლიზირების მცდელობა ანტიდასავლური და პრორუსული მედია საშუალებების მიერ. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ინფორმაციულ გარემოში, სადაც კონკრეტული მედია ორგანიზაციების მხრიდან ხშირად ვხვდებით მცდელობებს კონსპირაციის თეორიათა საშუალებით დააკავშირონ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგ შემთხვევებში პოლიტიკური აქტორების ქმედებები კოლექტიური დასავლეთის „ეკლესიის ჩამონგრევის“ სანუკვარ ოცნებასთან. ამასთან ერთად არასათანადო დრო ეთმობა ეკლესიის მიმართ ჩადენილ საბჭოთა და რუსული პერიოდის დანაშაულებების კრიტიკულ გადააზრებას. ყოველივე აღნიშნული არის კარგად ნაცადი და დამკვიდრებული ისრების გადატანის სტრატეგიის შედეგი, რომლის მიზანიც ამ  შემთხვევაში მოსახლეობისთვის ეკლესიის მტერთა ნამდვილი იდენტობის დამალვა და მისი ირეალური ვერსიით ჩანაცვლებაა.

Church

ტრადიციული მედია

 ინტერნეტ სივრცეში პრორუსული და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიების მრავალი სიუჟეტი მოიძებნება, რომლებშიც ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობენ სიუჟეტისა და გადაცემის ავტორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კონტექსტიდან ამოღებული განცხადებებისა და ფრაზების გაბუქებას. იმ შემთხვევაში თუ კარგად დავაკვირდებით "იმედისა" და "სეზონი ტვ"-ის სიუჟეტებს, მაშინ ჩვენთვის მარტივი გახდება აღმოვაჩინოთ მსგავსი ტიპის სიუჟეტების მომზადების საზოგადო თარგი. უმეტესწილად, ყოველ მსგავს ვიდეოს აქვს შესავალი, სადაც საუბარია თუ როგორ ილაშქრებს დასავლეთი ეკლესიაზე საზოგადოებისთვის ნაცნობი პირების საშუალებით. შემდეგ იწყება ვიდეოკოლაჟი, სადაც ეკლესიის მტრებად მონათლული საზოგადოებისთვის ცნობილი პირების განცხადებებია შეგროვებული, რომლებშიც ისინი, სინამდვილეში არა ეკლესიას, როგორც ინსტიტუციასა და ქართული მართლმადიდიებლობის ნიშას, არამედ ძირითადად კონკრეტულ სასულიერო პირებს აკრიტიკებენ და ,,უტევენ“ ხოლმე, ხოლო ვიდეოს დასასრულს ასევე გვხვდება მოკლე შემაჯამებელი ანალიზი, რომლებიც ძირითადად ასევე სავსეა ხოლმე კონსპირაციული თეორიების მორიგი ტალღით. ამ გვერდზე მოცემულ ვიდეოებში მსგავსი ტენდენციების დანახვა საკმაოდ მარტივია, მაგალითისთვის პირველ შემთხვევაში "იმედის" სიუჟეტში ნაჩვენებია ნიკა გვარამიას კომენტარი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მეუფე შიოს სულიერი სიკვდილი ძალიან მალე დადგეს, რასაც ავტორი საზოგადოებას აცნობს როგორც სიკვიდილის მუქარას. ხოლო მეორე ვიდეოში საქმე გვაქვს სეზონი ტვ-ის სიუჟეტთან, სადაც გადაცემის ავტორი მაყურებლებს უჩვენებს 5 ივლისის შემდგომ ორგანიზებული ,,ჟურნალისტების აქციების" კადრებს, სადაც გამომსვლელთა კრიტიკა მიმართულია კონკრეტული სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის მომენტებში. ხოლო გადაცემის ავტორი კი ამ გამოსვლებს თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ წარადგენს როგორც დასავლეთის მიერ დაფინანსებულ პირთა მიერ ეკლესიიაზე, როგორც ინსტიტუციაზე გაკეთებულ მორიგ შეტევას.
ის ფაქტი, რომ ვიდეოში ნაჩვენებ განცხადებებსა და მედიაორგანიზაციებისის მიერ თავსმოხვეულ კონტექსტს შორის აშკარა განსხვავებები არსებობს, წესით საზოგადოებას  უნდა უჩენდეს კითხვებს მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით. თუმცა ეს შედეგი ვერ მიიღება შემდეგი მიზეზების გამო:
1) ერთის მხრივ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და მეორეს მხრივ ღია საზოგადოების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით საპატრიარქო და პატრიარქი საზოგადოებაში თითქმის ყველაზე მაღალი ნდობითა და მოწონებით სარგებლობენ, შესაბამისად ნებისმიერი გაჟღერებული აზრი, რომელიც მათ ავტორიტეტსა და სტატუს-კვოს ეწინააღმდეგება ძირითადად არ ხდება ხოლმე კრიტიკული განსჯის საგანი.

2)  პროპაგანდისტული მედია საშუალებები თავს, არც მასალის გაყალბებისაგან იკავებენ ხოლმე. მაგალითისათვის სეზონი TV-ზე ნიკოლოზ მჟავანაძის გადაცემის ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც მან ეკლესიის მტრების საკითხს მიუძღვნა, ძალიან აშკარად ჩანს გაყალბებული სქრინი, რომელიც მან მანამდე სოციალურ ქსელ ფეისბუქშიც გაავრცელა.

  სოციალურ მედიაში ამ სქრინის რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების წევრთა მიერ გავრცელების ფაქტები 2021 წელს მითების დეტექტორმა გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ორიგინალი პოსტი პროგრამულად იმგვარად დაამუშავეს, რომ საზოგადოებას წარმოდგენა შეექმნა რომ აღნიშნული განცხადება მედია საშუალებას და არა მის ავტორს ბასილ კობახიძეს ეკუთვნოდა.

Capture.PNG
Screenshot_11_62.png
Cross Pendant

სოციალური მედია (ფეისბუქი)

 ძირითადი ტენდენცია მაინც და მაინც არც სოციალური მედიის შემთხვევაში იცვლება. ისევე როგორც ტრადიციულ მედიაში, აქაც ტერმინი ,,ეკლესიის მტრები“ ისევ და ისევ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსების მიმართაა გამოყენებული. მცირე განსხვავებას გვაძლევს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ტრადიციულ მედიაში აღნიშნული პროპაგანდა მიმართულია მეტწილად თანაბრად, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე პოლიტიკოსების დემონიზირებისაკენ, ხოლო სოციალურ მედიაში გაშვებული რეკლემების ამგვარი დისკრედიტაციის სამიზნეებს უფრო მეტად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები და ავტორების თქმით „მათთან აფილირებული“ მედია წარმოადგენენ, რაც კიდევ ერთხელ კარგად წარმოაჩენს მსგავსი პროპაგანდისტული გზავნილების ავტორების აშკარა პოლიტიკურ ინტერესებს. Meta-ს Ad library-ში არ იძებნება პოლიტიკური ტიპის რეკლამა, სადაც ტერმინი „ეკლესიის მტრები“ რუსეთთან მიმართებაშია გამოყენებული, ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ გარკვეულ შემთხვევებში სოციალურ მედიაში ამგვარი რეკლამების გამშვები პირები დაკავშირებულები არიან ტრადიციულ მედიაში ამგვარი კამპანიის მმართველ პირებთან, აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ რომ რელიგიურ ნაციონალიზმზე დამყარებული ანტიდასავლური „ეკლესიის მტრების“ პროპაგანდა ერთობლივად კოორდინირებულია როგორც ტრადიციულ ისე სოციალურ მედიაში.
  ასეთი ჯგუფების მიზნების შესახებ ბევრად უფრო მეტი გახდება ცნობილი, იმ შემთხვევაში თუ გადავხედავთ მათ მიერ გაშვებული პოლიტიკური რეკლამების შესახებ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. მაგალითისთვის განვიხილოთ 2021 წლის ოქტომბერს გაშვებული რეკლამა, რომელშიც ნაჩვენებია ნიკა გვარამიას მონოლოგი მესაყდრე შიოს შესახებ, ხოლო პოსტი დასათაურებულია შემდეგნაირად - ქართული ეკლესიის მტერი - ნიკა გვარამია. რაც ზუსტად იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც ტრადიციულ მედიაზე საუბრის დროს გამოიკვეთა - ინდივიდუალური კრიტიკის გაფართოება და მისი გადაკვალიფიცირება როგორც მთლიანად ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე შეტევა.
  ასევე, აღსანიშნავია, რომ ავტორმა მოახდინა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით რეკლამის აუდიტორიის ნაწილობრივი გადარჩევა. შეარჩია რა მან ფეისბუქ მომხმარებელთა ის ასაკობრივი კატეგორია, რომელსაც უფრო მაღალი მგრძნობელობა აქვთ მსგავსი საკითხების მიმართ, რაც კიდევ ერთი მიმანიშნებელი ფაქტორია იმისა, რომ რეკლამა ჩაეშვა არა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, არამედ კონკრეტულ ჯგუფებში შესაბამისი პოზიციების ჩამოყალიბებისთვის.

გვარამია.PNG

  კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ეკლესიის მტრებთან ერთად ბოლო დროს სინქრონში ისმის ხოლმე არის „ეკლესიის მაგინებლები“, რომლის ფეისბუქ რეკლამებში გამოყენებაც ძირითადად მმართველი პარტიისა და მათი მხარდამჭერი გვერდების საშუალებით ხდება. საგულისხმოა, რომ პირველი რეკლამები, რომლებიც შესაბამის ტერმინს იყენებდნენ პირველად და ჯერ-ჯერობით საბოლოოდ გამოჩნდნენ მარტის აქციების პერიოდში და მათი მოქმედების თარიღები არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. შესაბამისად ის ფაქტი, რომ ხელისუფლების მსგავსი ნარატივი ფეისბუქზე ვრცელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მათთვის პოლიტიკურად კრიტიკულ პერიოდებში აძლიერებს აზრს იმის შესახებ, რომ მსგავსი ტერმინის / ტერმინების გამოყენების რეალური მიზეზი არა ეკლესიის დაცვა არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მსახურებაა. ასევე ამ პერიოდში კოორდინირებულად მუშაობდნენ ინდივიდუალური პოლიტიკოსებისა და პარტიის გვერდები. მაგალითისთვის, როგორც ეს მოცემულ სქრინზე ჩანს, ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე პერიოდით, ერთი და იგივე ტექსტითა და ერთი და იგივე ვიდეოებით ვრცელდებოდა რეკლამები ირაკლი კობახიძისა და მისი პარტიის მიერ, რომელთა შორისაც ერთადერთი განმასხვავებელი ფაქტორი იყო რეკლამის ბიუჯეტი.

Qocneba.PNG
Praying

  ტერმინ ეკლესიის მტრების ქართულ ისტორიაში უკეთესად გასარკვევად თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ვესაუბრე. მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად ეკლესიის მტრად საბჭოთა კავშირი აღიქმებოდა, თუმცა 90-იან წლებში გარკვეულ პირთა ინტერესების გატარების შედეგად ეკლესიის მტრებად აღქმული პირების იდენტობა სრულად შეიცვალა და გარკვეული დროის შემდეგ იგი საკუთარ თავში საერთოდ განსხვავებული ტიპის ადამიანებს მოიაზრებდა, მაგალითისთვის ასეთები იყვნენ სხვა ქრისტიანული კონფესიებისა და სექსუალური უმცირესობების ინტერესთა დამცველი პირები. იხილეთ ფრაგმენტი ინტერვიუდან.

როგორც ეს ინტერვიუშიც გამოიკვეთა, საქართველოში ტერმინმა „ეკლესიის მტრები“ დიდი ქარტეხილები გამოიარა. კონკრეტულად, როგორც ამას თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი იხსენებს, ტერმინის გამოყენების ადრეულ პერიოდში ეკლესიის მტრად საბჭოთა რეჟიმი მოიაზრებოდა, რაც ისტორიული პერსპექტივის გათვალისწინებით სრულიად გასაგები და მოსალოდნელი იყო. თუმცა მისივე თქმით 90-იან წლებში ,,ადამიანთა ჯგუფმა, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ მანამდე ეკლესიის ღია კურსით, მოსთხოვეს მას გაეწყვიტა კავშირი ყოველივე დანარჩენთან, დაეგმო ეს ყოველივე და აერჩია იზოლაციის კურსი”. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მასშტაბური მომენტი, როცა რელიგიური პირების ნაწილმა ღიად ამჯობინა სხვა ქრისტიანულ კონფესიებში მტრების ძიება საბჭოთა წარსულთან დაპირისპირებას. გადაჭრით შეუძლებელია იმის თქმა, იყო თუ არა მათი ეს ქმედება განხორციელებული კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით, თუმცა აშკარაა რომ ამ ცვლილებებმა კარი ფართოდ გაუღო ქართულ ანტიდასავლურ რელიგიურ ნაციონალიზმზე დაყრდნობილ მოძრაობას, რომლის შედეგებიც ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე 2021 წლის 5 ივლისად და 2013 წლის 13 მაისად იწვნია.

bottom of page